პაატა სალია - დვალსა და აქიმიძეს ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი, მათ მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად, პასუხს გაგვაგებინებენ
პაატა სალია - დვალსა და აქიმიძეს ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი, მათ მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად, პასუხს გაგვაგებინებენ

ადამიანებმა მოისმინეს შეთავაზება და შესაბამისად პასუხს გაგვაგებინებენ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშმა მათ შესთავაზა 40 პროცენტი.

„შეხვედრაზე ბევრ რამეზე იყო საუბარი. არ ყოფილა აქ წერილობითი შეთანხმება, არ ყოფილა რამეზე ხელი ჩამორთმეული ამ ეტაპზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, განიხილავენ ამ საკითხს, თუ რამე კონკრეტული წინადადება ექნებათ, ამასაც იტყვიან. ილაპარაკეს ზოგადად ძალიან ბევრ რამეზე. ეს იყო დღეს გაჟღერებული შეთავაზება, პასუხი არ ვიცი რა იქნება, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, ინიშნება თუ არა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დავით ნიკურაძე, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო ჭორები ვრცელდება.

„არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს. მე კომპანიაში ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, მათ შორის გუშინ შევხვდით დავით ნიკურაძეს, ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ, რომ ის გააგრძელებს თავის საქმეს ვაშინგტონში, შესაბამისად, იმაზე, რომ რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო ამ კუთხით, საუბარი ნამდვილად არ ყოფილა“, – განაცხადა პაატა სალიამ.