პაატა სალია - ჩვენი ამოცანაა, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მუშაობა და არ იყოს შეფერხება
პაატა სალია - ჩვენი ამოცანაა, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მუშაობა და არ იყოს შეფერხება

ამოცანაა, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მუშაობა და იყოს ყველაზე წარმატებული, – ამის შესახებ არხის დირექტორმა, პაატა სალიამ ჟურნალისტებთან „რუსთავი 2“-ის ფინანსურ პრობლემებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, არხის მენეჯმენტი მუშაობს დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე, რათა არ იყოს შეფერხება.

„რამდენიმე დღის წინ, ქიბარ ხალვაშმა განახორციელა რამდენიმე ასეული ლარის შემოტანა. ვმუშაობთ კიდევ დამატებითი სახსრების მოზიდვაზე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეფერხება არ იყოს. ძალიან რთულია ახლა პროგნოზირება გააკეთო, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, მაგრამ გეგმა და ამოცანა არის, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა და იყოს ყველაზე წარმატებული“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ნიკა გვარამიასთვის კომპენსაციის მიცემა, პაატა სალია აცხადებს, რომ მას „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის კონტრაქტი არ უნახავს, შესაბამისად განცხადებას ვერ გააკეთებს.

„არ ვიცი, ეს კონტრაქტი არ მინახავს. არ ვიცი რაზე საუბრობს გვარამია, მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და თუ მოგვიწვევენ მხარედ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ძალიან ბევრი ხელშეკრულება არის დადებული ამ კომპანიაში ისეთი, რომელიც კომპანიის ინტერესების საზიანოა. მე არ მინდა წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, არ მიყვარს დაუსაბუთებელი საუბარი“, – განაცხადა პაატა სალიამ.