პაატა სალია - არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც დასაქმებულია არხზე, სურდეს მესაკუთრის შეცვლა და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს
პაატა სალია - არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც დასაქმებულია არხზე, სურდეს მესაკუთრის შეცვლა და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს

არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც დასაქმებულია არხზე, სურდეს მესაკუთრის შეცვლა და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, ამ ეტაპზე, მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ქიბარ ხალვაში რჩება არხის მესაკუთრედ და ჩვენ გარკვეული მოქმედებები სამართლებრივ ნაწილში უკვე განხორციელებული გვაქვს – მივმართეთ იმ გარიგებების შესწავლის მიზნით, რომელიც დადებული იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სარეკლამო დროის გასაყიდად „ინტერმედია პლიუსთან“ და სხვა „ინტერმედიებთან“. მოგეხსენებათ, ერთი და იგივე სახელწოდებით და ერთი და იგივე ადამიანებით, ჩვენ გამოვავლინეთ გარკვეული დარღვევები ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ინტერესთა კონფლიქტით დადებული ხელშეკრულებები, თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებები, ძალიან მარტივად დასტურდება ეს იმ მასალებით, რომელსაც გავეცანით, რომელიც ასევე, როგორც დაზარალებული „რუსთავი 2“-ის იურისტებს შეეძლოთ გაცნობოდნენ სხვადსახვა პირების გამოკითხვის ოქმებს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისი თქმით, მათთვის ამ ეტაპზე არის ცნობილი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლის არხის მესაკუთრეს, არხის მენეჯმენტს ჰქონდეს ნორმალური, საქმიანი, სამსახურებრივი ურთიერთობა რამდენიმე ადამიანთან.

„მე შეგახსენებთ და ალბათ თქვენც ხედავთ, რომ ხშირია განცხადებები სხვადასხვა ჟურნალისტების, მათ შორის, გვესმის ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებები, რომ ჟურნალისტი, რომელიც არხზეა დასაქმებული, აპირებს რაღაცის გასაჩივრებას ან ის სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს, თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც სარჩელები აქვთ შეტანილი და ვინც ცდილობს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, ადამიანს, რომელიც დასაქმებულია არხზე, სურდეს მესაკუთრის შეცვლა და ამის მისაღწევად არ იშურებდეს ძალ-ღონეს.

შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე. მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინც ახლა შვებულებაში არიან და ამ შვებულების პერიოდში აკეთებენ, ჩვენი აზრით, უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ თურმე სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, სხვა ტელეკომპანიის საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, რაც პირდაპირ აკრძალულია ჩვენი შრომითი ხელშეკრულებით. ალბათ, მოისმინეთ ეკა კვესიტაძის განცხადება, რომ ის და ნიკა გვარამია ერთად აკეთებენ ახალ ტელევიზიას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.