ჭიათურის ყოფილი მერი გადადგომის მიზეზად საკრებულოს წევრებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან უთანხმოებას ასახელებს
არაერთხელ ვეცადე, დამერეგულირებინა ურთიერთობა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ ჭიათურის ყოფილი მერი პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საკრებულოს (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა) მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჭიათურის საკითხზე პარლამენტში ცეცხლი უნდა დაენთო, პოლიციის უფროსსა და სხვადასხვა უწყებრივ სტრუქტურებს რომ დაპირისპირების მაგივრად, გვერდით დგომა გამოეხატათ ჩვენთვის და მარტო პროვოკაციების მოწყობით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბევრად მეტი წარმატება გვექნებოდა, ბევრად მეტი კეთილი საქმე გაკეთდებოდა ამ ქალაქში, ბევრად რეფორმატორული და ძლიერი ნაბიჯები გადაიდგმებოდა ქალაქში არსებული ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად, რაშიც ჩვენს გუნდს ცარიელი ხელებით ბრძოლა გვიხდებოდა“, – წერს პაატა ნადირაძე.
ჭიათურის ყოფილი მერის თქმით, მის გუნდში თანამდებობებიდან წასვლის შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა.
„არაერთხელ ვეცადე, დამერეგულირებინა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები, მაგრამ ამაოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა, დღემდე ვერ ვხვდები (კიდევ ვიმეორებ, საკრებულოში ყველას არ ეხება ეს, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია). ამასთან დაკავშირებით მომავალში ვისაუბრებთ. ყოველივე ზემოაღნიშნული საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა, გადავედით რა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე, დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან. ალბათ ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები, ის, რომ ძილისა და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული, კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს რჩება“, – აცხადებს პაატა ნადირაძე.