პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი ვიხილოთ
პაატა მანჯგალაძე - ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი ვიხილოთ

პრეზიდენტს თუ აქვს პრეტენზია, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს და სამართლიანობისთვის იბრძვის, უპირველესად, ეს უნდა დადასტურდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, რადგან სასამართლოს და პროკურატურას ფარცხალაძე და მისი კლანი თუ მართავენ, გამოდის, ბრალიც და სამართალიც გამრუდებულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, პოლიტიკაში მუდმივი არაფერია და სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობისა და სამართლისკენ გადადგმული ნაბიჯი.

„მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკის ინტერესი და ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. ველოდები სალომე ზურაბიშვილის უფრო მკვეთრ ნაბიჯებს პოლიტიკაში უფრო აქტიური ჩართვისთვის. ის, რა სიმბოლური ფუნქციებიც აქვს, იმასაც ვადაც ეწურება, თან დროც გადის, თან ერთგვარი შეზღუდვებიც აქვს და, ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, ის ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი.

მე არ ვარ ანალიტიკოსი, მაგრამ როცა ვარ პოლიტიკაში, იძულებული ვარ, დავფიქრდე სავარაუდო სცენარებზე და ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად განვიხილავ ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს აქტიურ პოლიტიკაში. თუ ვისთან ერთად, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არსებობს ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლიტიკაში მუდმივი არაფერია, ამიტომ, ასე ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება სამართლიანობისა და სამართლისკენ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება მაინც ახალი ბრალი წაუყენონ და დატოვონ სააკაშვილი პატიმრობაში, თუმცა ზურაბიშვილი ისტორიისა და ხალხის წინაშე მართალი იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ელოდება თუ არა არჩევნებში ზურაბიშვილის მონაწილეობას და იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, მანჯგალძემ უპასუხა: „პოლიტიკაში არაფერია მუდმივი. შეიძლება, დღეს მოკავშირე ხვალ შეიძლება, მტერი გახდეს და ახასიათებს პოლიტიკას ასეთი რაღაცები, სამწუხაროდ. მე არ გამოვრიცხავ, საბოლოო ჯამში, ივანიშვილთან შევიდეს წინააღმდეგობაში სალომე ზურაბიშვილი, რადგან ადამიანი მაინც მიდრეკილია თავისუფლებისკენ, თუ მონად არ არის დაბადებული. ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილს სწრაფვა ჰქონდეს მეტი თავისუფლებისკენ პოლიტიკაში. პრეზიდენტის რანგი და სივრცე შეიძლება, პატარა იყოს მისთვის და უფრო მეტი პოლიტიკური აქტივობის სურვილი ჰქონდეს, მით უმეტეს როცა უკვე ვადა ეწურება და ხან „კოჭლ იხვს“ ეძახიან და ხან  – რას. ჩემი ვარაუდით და იმ ნაბიჯებით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, დიდი ალბათობით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოიკვეთება ვითარება, როცა პრეზიდნეტი დაფიქრდება, შევიდეს თუ არა ხელახლა პოლიტიკაში“.