პაატა მანჯგალაძე - უკრაინისთვის სტრატეგიულად კარგია, თუ რუსული ძალები სხვაგანაც იქნება მიმართული, მაგრამ ამ შემთხვევაში ომისკენ მოწოდება გამართლებული არ არის
პაატა მანჯგალაძე - უკრაინისთვის სტრატეგიულად კარგია, თუ რუსული ძალები სხვაგანაც იქნება მიმართული, მაგრამ ამ შემთხვევაში ომისკენ მოწოდება გამართლებული არ არის

ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც საომარი რიტორიკა, არც ომისკენ მოწოდება. საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„აბსოლუტურად მესმის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება. ის არის თავის ქვეყნის პატრიოტი. უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, სტრატეგიულად კარგია, თუ რესურსების მობილიზება არ იქნება მხოლოდ უკრაინაზე და სხვაგანაც იქნება რუსული ძალები მიმართული. პრაგმატულად, რა თქმა უნდა, სწორია. მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც საომარი რიტორიკა, არც ომისკენ მოწოდება. საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ თავდასხმითი, ანუ შეტევითი ოპერაციები განახორციელოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, „დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა“.