პაატა მანჯგალაძე - თბილისის მერობის კანდიდატად, მეორე ვადით, კახა კალაძის წარდგენა არის საზოგადოების დაცინვა
პაატა მანჯგალაძე - თბილისის მერობის კანდიდატად, მეორე ვადით, კახა კალაძის წარდგენა არის საზოგადოების დაცინვა

თბილისის მერობის კანდიდატად, მეორე ვადით, კახა კალაძის წარდგენა არის საზოგადოების დაცინვა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს არ შეუსრულებია არც ერთი ის დაპირება, რომელიც პირველი ვადით მერობის კანდიდატად დასახელების დროს გასცა.

„მას, პირველი კანდიდატობის დროს არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, მათ შორის, არ შეუსრულებია დაპირება სიცოცხლით სავსე ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ რბევა მოაწყვეს, დღისით თბილისში, ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ასევე ბევრი ფაქტი არსებობს კორუფციაში მის ინტერესთან დაკავშირებით და ასევე დაპირებები, რომელიც გასცა „ქართულმა ოცნებამ“, დღემდე არ არის შესრულებული. რაც შეეხება, პერსპექტივას, თბილისში ბოლო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მაქსიმუმ 41 პროცენტი, ხოლო ოპოზიციამ აჩვენა 60 პროცენტი. ახლა, აუცილებელია საერთო კოორდინაცია ოპოზიციას შორის, გაყალბება რომ არ მოხდეს და სწორი საარჩევნო სტრატეგია შემუშავდეს, რომ პირისპირ არ დავტოვოთ კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, უნდა არსებობდეს მესამე ალტერნატიული არჩევანი, რომ იმ ხალხისთვის, ვისაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.

„ეს არის სწორი სტრატეგია. ამ სტრატეგიით, აუცილებლად, დავამარცხებთ „ქართულ ოცნების“ კანდიდატს. კანდიდატი თუ დასახელებული იქნება 5 ნომრის და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელის ქვეშ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. სტრატეგია მათ აქვთ თავისი და ამის გამო არ გავაკრიტიკებთ. ჩვენ შევეცდებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მობილიზება მოვახერხოთ და შევქმნათ მესამე ცენტრი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი