პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ეროვნული ინტერესები ისედაც ყოველთვის წინა პლანზე იდგა, ამიტომ დღესაც მხარს ვუჭერთ მოლაპარაკების პროცესს
პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ეროვნული ინტერესები ისედაც ყოველთვის წინა პლანზე იდგა, ამიტომ დღესაც მხარს ვუჭერთ მოლაპარაკების პროცესს

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ეროვნული ინტერესები ისედაც ყოველთვის წინა პლანზე იდგა, ამიტომ დღესაც მხარს ვუჭერთ მოლაპარაკების პროცესს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დასაფასებელია ელჩების მონდომება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

„ნამდვილად დასაფასებელია ელჩების მონდომება, რომ შეთანხება იყოს მიღწეული და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმი იქნას ნაპოვნი. ამაზე მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. ჩვენთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ საქართველოს ეროვნული ინტერესები ისედაც ყოველთვის წინა პლანზე იდგა. სწორედ ამიტომ ვიჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან და დღესაც მხარს ვუჭერთ მოლაპარაკების პროცესს. კომპრომისი და ნაბიჯები უნდა გადმოდგას ხელისუფლებამ. იმედს ვიტოვებ, სახელმწიფოებრივი აზროვნება იქნება ხელისუფლების მხარესაც და გადმოდგამს კომპრომისულ ნაბიჯებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე კომისიაში მუშაობას აზრი არ აქვს.

„საქართველის პარლამენტის რეგლამენტითაც კი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი ოპოზიციიდან უნდა იყოს. ამ წუთას არის სულ ორი ადამიანი, ვინც ოპოზიციად აცხადებს თავს, „ევროპელ სოციალისტებს“ არ ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებში. ოთხკაციან საგამოძიებო კომისიას ხომ არ შევქმნით? ჩვენი შესვლის და ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე, კომისიაში მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე თუ დააყენებენ, ეს წაახალისებს პარლამენტში მუშაობის დაწყებას.