პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის შედეგზე ორიენტირებული პარტია, არ ვიცი, ცხელი, ნელ-თბილი, თუ ცივი შემოდგომის წინასწარ დაანონსებას რა აზრი აქვს
პაატა მანჯგალაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის შედეგზე ორიენტირებული პარტია, არ ვიცი, ცხელი, ნელ-თბილი, თუ ცივი შემოდგომის წინასწარ დაანონსებას რა აზრი აქვს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ შედეგზე ორიენტირებული პარტიაა და არ ვიცი, ცხელი, ნელ-თბილი, თუ ცივი შემოდგომის წინასწარ დაანონსებას რა აზრი აქვს. ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. სიცხე დაგვჭირდება, თუ სიცივე, ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მაგრამ არაძალადობრივი და კონსტიტუციურ ჩარჩოში.

„მზად ვართ, ყველა კონსტიტუციური და არაძალადობრივი ფორმა გამოვიყენოთ, რომ ხელისუფლებას ხალხის კიდევ დასჯის საშუალება არ მივცეთ. თუ რინგზე ასვლამდე წინასწარ ხელების ქნევას დავიწყებთ, უბრალოდ, დავიღლებით. ამიტომ წინასწარი განცხადებები არ უნდა იყოს და საქმე ლაპარაკის ნაცვლად უნდა იყოს. ზურა ჯაფარიძის კრიტიკას არ ვაპირებ, მას ბევრ საკითხზე კარგი ხედვა აქვს, თუმცა სავალდებულო არ არის, ყველაფერზე ვთანხმდებოდეთ. არიან აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, პარლამენტიდან გამოდითო. როცა საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე, მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, მაგრამ პარლამენტის დატოვება არ უნდა იყოს ერთადერთი სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება. ვინც მხოლოდ პარლამენტის დატოვებაზე აკეთებს აქცენტს, ის ადამიანები მგონია სასოწარკვეთილი. პარლამენტის დატოვების ნიშნებს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს საბოტაჟი და ბოიკოტი, რასაც თავად აკეთებს“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.

„მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.