პაატა მანჯგალაძე - სტრასბურგის სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო
პაატა მანჯგალაძე - სტრასბურგის სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო

არაფერი ვიცი, ნიკა გვარამია გაერო-ში რატომ მიდის ან სტრასბურგში რა მოხდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, საფუძველი არ აქვს, სტრასბურგის სასამართლოს არ ენდოს.

„საქმის პოლიტიკურობის თაობაზე აზრს ასე მარტივად არ ვიცვლი და იმავე აზრზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, სტრასბურგის სასამართლოში რა პროცედურული შეცდომები დაუშვეს ადვოკატებმა. ავტომობილის გადაადგილების გამო ადამიანს როცა აკავებენ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურია. ხელისუფლებას უნდა, ვთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს არ ვენდობი, რასაც ასე არ ვიტყვი. ნიკა გვარამიას იურისტების კარგი ჯგუფი ჰყავს და ამ საქმეს მიხედავენ. სტრასბურგთან არანაირი გამოცდილება არ მქონია, ამიტომ ვერ გეტყვით, უნდა ვენდო თუ არა, მაგრამ საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო. სტრასბურგის სასამართლოს ვენდობი, მაგრამ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყო. ეს ჩვეულებრივი და მარტივი ლოგიკაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ამასთან, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი საქმით „გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს“.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გვარამიამ.