პაატა მანჯგალაძე - სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღებაზე თქვა უარი, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, ვაღიარებ, კარგი იქნებოდა, გადაეყვანათ სააკაშვილი
პაატა მანჯგალაძე - სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღებაზე თქვა უარი, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, ვაღიარებ, კარგი იქნებოდა, გადაეყვანათ სააკაშვილი

ევროპა იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი მტკიცებულებებიდან და რწმენიდან გამომდინარე, არანაირი შეთქმულება არც სააკაშვილთან, არც საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება მიეღო.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მთავარი საკითხია, მოცემულ ვითარებაში სააკაშვილი იყოს სამკურნალო დაწესებულებაში და არ მოხდეს მისი ციხეში გადაყვანა, რადგან ციხე მასზე ნამდვილად ნეგატიურ გავლენას ახდენდა.

„ვნახეთ, რომ ასეთი გლობალური და შეთქმული არ არის ევროპა საქართველოს წინააღმდეგ. ევროპა იღებს გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი მტკიცებულებებიდან და რწმენიდან გამომდინარე. არანაირი შეთქმულება არც სააკაშვილთან დაკავშირებით, არც საქართველოსთან დაკავშირებით არ აქვს. ვერ ვიტყვი, სტრასბურგის გადაწყვეტილება სწორია ან არასწორია. ხომ თქვა სტრასბურგმა, ჩემთვის არის კანონი ამ წუთას. კარგი იქნებოდა, რომ მიეღო გადაყვანის გადაწყვეტილება, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში ციხეში მყოფ ადამიანს კი არა, გარეთ მყოფ ხალხს გვაქვს საფრთხე. ამიტომ ამ მსჯელობაში არ შევალ.

დროებითი ღონისძიება არ გამოსცა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სხვა არაფერი არ ხდება. საქმეზე არსებითი შინაარსის განხილვის გარეშე, დროებითი ღონისძიების მიღებაზე თქვა უარი, ეს ჯერჯერობით ხომ არაფერს არ ნიშნავს. ვაღიარებ, კარგი იქნებოდა გადაეყვანათ სააკაშვილი, ეს თავისტკივილი, პრობლემა გადაგვეჭრა. ჯერ ერთი, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არ მოკვდეს, და მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ყოფილებს, ყოფილ პრეზიდენტებს კლავს. არ გადაჰყავთ. დარწმუნებული ვარ, იპოვის სააკაშვილი ძალას, რომ სასიცოცხლო რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს, გადარჩეს „ქართული ოცნების“ პირობებში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.