პაატა მანჯგალაძე - საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული მირჩევნია
პაატა მანჯგალაძე - საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული მირჩევნია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება დიდი და კომპლექსური საკითხია, რაზეც უსაფრთხოების ექსპერტებთან დამატებითი კონსულტაცია სჭირდება.

„ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვარ, რადგან რუსულ ბაზებს ამერიკული ბაზები მირჩევნია. რაც შეეხება ლუსტრაციის კანონს, ეს არის პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რადგან მეხუთე კოლონას საქმიანობა უნდა შეეზღუდოს. ამ კანონის მიღების შედეგად წარმომიდგენია, რომ არა მხოლოდ ბევრ პოლიტიკოსს, არამედ ბევრ სასულიერო პირს მოუწევს კულუარებში გადასვლა. ეს გამოგენებული უნდა იყოს არა ანგარიშსწორებისთვის, არამედ მათთვის, ვინც უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, მათ არ ჰქონდეთ ამ შხამის ნთხევის შესაძლებლობა ღია დ საჯარო სივრცეში“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

მანჯგალაძის განმარტებით, ლუსტრაციის კანონი საჭიროა, რათა ქართულ, ეროვნულ სამსახურებს საშუალება ჰქონდეთ, სპეციალური ღონისძიებები გაატარონ მათ მიმართ, ვინც დაკავშირებული არიან სპეცსამსახურებთან.

„ლელო საქართველოსთვის“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, „ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის“ მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება: „საქართველოში აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით; აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, „ლუსტრაციის კანონი“ – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად“.