პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭიროა 113 ხმა, „გირჩის“ დამატების შემთხვევაშიც, პარლამენტში ამდენი ხმა არ იქნება
პაატა მანჯგალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭიროა 113 ხმა, „გირჩის“ დამატების შემთხვევაშიც, პარლამენტში ამდენი ხმა არ იქნება

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭიროა 113 ხმა, „გირჩის“ დამატების შემთხვევაშიც პარლამენტში ამდენი ხმა არ იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საარჩევნო რეფორმისა და ნულოვან ბარიერის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია არ შეცვლილა. ნომერ პირველი საკითხი გახლავთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე შეთანხმება. ამაზე შეთანხმების შემდეგ, შეგვიძლია, განვიხილოთ ბარიერის საკითხიც, პარლამენტში შესვლის საკითხიც და ნებისმიერი საკითხი, რომელიც მოსდევს ამას, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საკონტიტუციო ცვლილება რომ შევიდეს ძალაში, საჭიროა 113 ხმა, „გირჩის“ დამატების შემთხვევაშიც პარლამენტში 113 ხმა არ იქნება, შესაბამისად, ეს ინიციატივა არ გავა.

რაც შეეხება ბარიერის საკითხს, ჩვენთვის პრინციპულია, რომ დაიწიოს ბარიერმა და გახდეს სამ პროცენტამდე, რაც არის საშუალო ევროპული სტანდარტი, თუმცა ეს საკითხი არ არის ისეთი, რომ ვერ შევძლოთ ოპოზიციის შიგნით შეთანხმება.

პარტიებს შორის მოლაპარაკებები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეტაპზე გვქონდა, მაგრამ ჩვენი მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ თუ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, იმას არ ნიშნავს, რომ არ ვართ პრინციპულები არჩევნების გაყალბებასთან და ვადამდელი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. ნუ გვაქვს მოლოდინი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ მუშტებს არ იქნევს და არ ვამბობთ „დაგამთავრებთ“, ვინმეზე ნაკლები პრინციპულები ვართ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება „გირჩის“ წევრების განცხადებაზე, რომ ისინი დანარჩენი ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას შეეცდებიან, ამაზე მანჯგალაძემ განაცხადა: „ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ შეურაცხმყოფელია, ცხვარივით ვიღაცა ვიღაცას შეიყვანს და გამოიყვანს“.