პაატა მანჯგალაძე - საარჩევნო რეფორმა შექმნის ისეთ რეალობას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ვინაობას მნიშვნელობა არ ექნება, თუმცა თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს
პაატა მანჯგალაძე - საარჩევნო რეფორმა შექმნის ისეთ რეალობას, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის ვინაობას მნიშვნელობა არ ექნება, თუმცა თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სამუშაო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პრინციპული უთანხმოება არ ყოფილა და მხარეები შარლ მიშელის დოკუმენტით ხელმძღვანელობენ.

„საარჩევნო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა. რა საკითხებიც გავიარეთ, პრინციპული უთანხმოება არ ყოფილა ხელისუფლებასა და ჩვენ მიერ შეთავაზებულ ვარიანტს შორის. ძირითადად მიყვებით შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ იმ ცვლილებებს, რომელიც უნდა გადავიტანოთ საარჩევნო კოდექსში. ასევე, არსებობს ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის დასკვნა და ამის შემდეგ მხარეები ერთმანეთში გავცვლით იმ ხარვეზებს, რომელიც გამოავლინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. ეს არის საკითხები, რაზეც მიდის მუშაობა ამ სამუშაო ფორმატში.

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხს, ეს არის დოკუმენტით გათვალისწინებული. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები უმრავლესობასთან და არ მგონია, რომ როცა ჩვენს პოზიციებს  კიდევ ერთხელ მოისმენენ, ხელისუფლებისთვის ეს საკითხი იყოს პრინციპული და ამან გამოიწვიოს ჩვენ შორის უთანხმოება. მგონია, გარკვეულ კომპრომისზე წამოვლენ ამ ნაწილში.

საუბარია ასეთ რამეზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე არ იქნება, რამდენად სამართლიანია, რომ პარტიული მოადგილე ასრულებდეს მოვალეობას – ეს არის ხელისუფლების არგუმენტი. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი, რომელიც ინიშნება პარტიული ნიშნით, წყვეტს ფორმალურ და სამართლებრივ ურთიერთობას პარტიასთან და დროებით მოვალეობის შესრულება არ გამოიწვევს არაფერს, მით უმეტეს ვერაფერს გააკეთებს ისეთს, რაც არ გაუკეთებია აქამდე თამარ ჟვანიას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელების შემდეგ გაყალბების შანსი მინიმუმამდე მცირდება და ცესკო-ს თავმჯდომარის ვინაობას მნიშვნელობა არ ექნება, თამარ ჟვანიას თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

„მთელი ეს რეფორმა და ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაყალბების რისკები. გაყალბების მთავარ წინაპირობას ქმნიდა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული დაკომპლექტების წესი. დღეს მოქმედი წესის მიხედვით, 12 წევრიდან 10 წევრი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ კავშირში იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“. იცვლება დაკომპლექტების ეს წესი. ასევე, გაყალბების ყველაზე მაღალი რისკები სადაც იყო, ე.წ. კარუსელი, ბიულეტენის მოპარვა, ჩაყრა – ამ ნაწილში შემოდის ელექტრონული ტექნოლოგიები. ხმების დათვლის ნაწილში შემოდის მაღალი რეზოლუციის კამერის ქვეშ სავალდებულო დათვლის პირობა, გადათვლასთან დაკავშირებით და ოქმის ბათილობასთან დაკავშირებით შემოდის წესები, რომ თუ ოქმში დაფიქსირდება უზუსტობა, გადათვლის ანუ ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე მოხდება ოქმში ცვლილებების ასახვა. ასევე, იცვლება გასაჩივრების წესი. ეს ყველაფერი ქმნის ისეთ რეალობას, რომ გინდ ჟვანია იყოს თავმჯდომარე და გინდ ჩიბურდანიძე, არ იქნება არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ იმ რეალობაში, როცა გარკვეული კითხვის ნიშნები და სერიოზული დასაბუთება გვქონდა ჩვენ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ჟვანიას არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს, დარჩეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.