პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილს უნდა გაუფრთხილდნენ და კარგად მოექცნენ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ დამოკიდებულია მის კარგად ყოფნაზე
პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილს უნდა გაუფრთხილდნენ და კარგად მოექცნენ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ დამოკიდებულია მის კარგად ყოფნაზე

ახლა მიხეილ სააკაშვილს უნდა გაუფრთხილდნენ, სული უნდა შეუბერონ და კარგად მოექცნენ, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი დამოკიდებულია სააკაშვილის კარგად ყოფნაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.​

მისი თქმით, მძიმე შედეგი რომ დადგეს და მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგოს ან კომაში ჩავარდეს, საზოგადოებაში ამას დიდი რეზონანსი მოჰყვება.

„ადამიანი როდესაც 24 დღეზე მეტია, შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივია, უარესდება. მძიმე შედეგი რომ დადგეს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგოს, ან კომაში ჩავარდეს, ექიმი არ ვარ და არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენა არ აქვს, ამ ყველაფერს რამხელა რეაქცია და რეზონანსი შეიძლება, ჰქონდეს საზოგადოებაში.

ხელისუფლებაა ქვეყანაში ყველაზე და ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კარგზეც და ცუდზეც, იმაზეც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. ახლა მიხეილ სააკაშვილს უნდა გაუფრთხილდნენ, სული უნდა შეუბერონ და კარგად მოექცნენ, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ დამოკიდებულია სააკაშვილის კარგად ყოფნაზე.

ქვეყნის ისტორიას კარგად ვიცნობ და გეტყვით, რომ განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ სოლიდარობა ძალიან მაღალია. ეს დაადასტურა იმან, რომ 60 000 ადამიანი იყო გამოსული თავისუფლების მოედანზე და მისი მდგომარეობა რომ დამძიმდეს, ეს „ქართული ოცნების“ ინტერესში არ არის, რადგან სახეზე გვექნება სამოქალაქო ესკალაცია და ხელისუფლებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.