პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველობის კანდიდატების შეფასებას „ქართული ოცნებისთვის“ თურმე მნიშვნელობა არ აქვს, რად უნდოდათ ეს ბუღალტერია, თუ 19-ვეს განხილვა შეიძლებოდა
პაატა მანჯგალაძე - სახალხო დამცველობის კანდიდატების შეფასებას „ქართული ოცნებისთვის“ თურმე მნიშვნელობა არ აქვს, რად უნდოდათ ეს ბუღალტერია, თუ 19-ვეს განხილვა შეიძლებოდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სახალხო დამცველად შერჩეული უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, ვისაც აქვს უნარი, დაიცვას ადამიანები ხელისუფლებისგან. მანჯგალაძის თქმით, უნდა შეირჩეს დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება ვინმეს ინტერესების გამტარებელი.

პაატა მანჯგალაძის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ კანდიდატების შეფასებას „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს.

„რად უნდოდათ ეს ბუღალტერია, თუ 19-ვე კანდიდატის შემოტანა და განხილვა შეიძლებოდა, მაშინ შერჩევის სცენა და ეს პროცესი რატომ წარიმართა? რეიტინგს თუ მნიშვნელობა არ აქვს, ეს პროცესი რად გვინდოდა? ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების მიერ არჩეული მარიონეტი. კანდიდატი არც ხელისუფლების უნდა იყოს და არც ოპოზიციის. უნდა იყოს შერჩეული ის, ვისაც აქვს უნარი, რომ ადამიანები ხელისუფლებისგან დაიცვას. თუ ხელისუფლებასთან შეკრულ მარიონეტს მოვიყვანთ, ის არ იქნება სახალხო დამცველი. რეკომენდაციის შესრულება გულისხმობს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევას. რომელი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ გამჭვირვალეობაზე?“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს. ამასთან, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტში წარადგინონ 19-ვე კანდიდატი და ამის შესაძლებლობას იძლევა რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება. ოიოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, სახალხო დამცველობისთვის იბრძოლოს.