პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც კი მივიდნენ ჩვენი დელეგაციის სხვა წევრებთან, რა საკითხზე სჭირდებოდათ თანასპონსორობა
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც კი მივიდნენ ჩვენი დელეგაციის სხვა წევრებთან, რა საკითხზე სჭირდებოდათ თანასპონსორობა

„ქართულმა ოცნებამ“ პრობლემები ეძებოს თავის წარმომადგენლებში, რომლებიც, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არც კი მივიდნენ ჩვენი დელეგაციის სხვა წევრებთან, რა საკითხზე სჭირდებოდათ თანასპონსორობა, არც კი უკითხავს არავის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი განცხადებები „ქართული ოცნების“ მორიგი პროპაგანდაა.

„ეს არის მორიგი პროპაგანდა „ქართული ოცნებისგან“, რომელიც ძალიან მალე გაირკვევა, გავრცელდება შესაბამისი განცხადებები. საერთოდ არც კი მისულან ოპოზიციის წარმომადგენლებთან იმაზე სასაუბროდ, თუ რა საკითხის გატანა უნდოდათ. მე როგორც მეუბნებიან, აქ პრობლემა იყო ის, რომ როდესაც ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციას არ ასრულებ და ამ დროს ითხოვ რაღაც საკითხის გატანას „ევრონესტზე“, ძალიან ძნელია ამ დროს მხარდაჭერის მოპოვება, მაგრამ ოპოზიციის დელეგაციასთან არავინ მოსულა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.