პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით უარი თქვა ევროპულ არჩევანზე, თავისუფალ სასამართლოზე
პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით უარი თქვა ევროპულ არჩევანზე, თავისუფალ სასამართლოზე

„ქართული ოცნება“ სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცა საქართველოსთვის. მათ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით უარი თქვეს ევროპულ არჩევანზე, თავისუფალ სასამართლოზე, სამართლიან არჩევნებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპული კურსის მხარდაჭერას საქმით არ ადასტურებს.

„ლუსტრირებულია, „ქართული ოცნება“ სიტყვით საუბრობს, თითქოს ევროპულ კურსს უჭერენ მხარს, მაგრამ საქმით ძალიან ემსგავსებიან რუსეთს. დილემას გვიყენებდნენ, რომ 2026 წელს ასარჩევი პროკურორის გამო ან უნდა სრულად პროპორციული სისტემა  ჩაგვეგდო, ან ეს მუხლი ამოგვეღო. ამ თამაშში არ ავყევით „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი კობახიძესაც მივუთითეთ, რომ სრულად პროპორციული სისტემა რომ გვქონოდა, დღეს ოპოზიცია იქნებოდა კოალიციური ხელისუფლება და ხელისუფლება ოპოზიცია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

„ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.