პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, არამედ ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს არა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, არამედ ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება

პრემიერი უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, როდესაც ნიკა მელიაზე საუბრობს, როგორც კრიმინალზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„პრემიერი პოლიტიკურ პარტიებზე საუბრობს, როგორც ხალხის მტრებზე და საუბრობს ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ტერმინოლოგიაც კი ზუსტად იგივე აქვს, როგორაც ბოლშევიკები საუბრობდნენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად იაზროვნებდა და ქვეყანას იმ რისკების წინაშე არ დააყენებდა, რამაც ჩვენი პარტნიორების ღრმა შეშფოთება გამოიწვია.

„ერთი ადამიანის ან ოპოზიციის დამარცხება და განადგურება არ იქნება საქართველოსა და „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება ყველას დამარცხება. ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, რისი წინაპირობაც შექმნილია, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა. ეს რეალობაა და „ქართული ოცნება“ ამას უნდა შეეგუოს, რომ მათი წასვლის დრო მოსულია“, – განაცხადა მანჯგალაძემ. 

მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი მოვლენით შეშფოთებულია საქართველოს ყველა მეგობარი, რომელიც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ლობისტი იყო.

„დაახლოებით, 35 განცხადება ამოვიღე და შემიძლია, წაგიკითხოთ, მაგრამ მაგის დრო არ არის. ამ პროცესით კმაყოფილია მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ერთმანეთს დითირამბებს უმღერიან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს არა პრობლემების მოგვარება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, არამედ იმ ძალაუფლების როგორმე შენარჩუნება, რომლითაც გარკვეულ პრივილეგიებს მიაღწიეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა და იმისთვის, რათა სამართლებრივად სიმართლე დადგინდეს, უნდა წავიდეს თუ არა პროცესი იმ გზით, რომლითაც სწორი იქნებოდა, სამართლებრივად წასულიყო, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან და ახლა უკვე პოლიტიკური სივრციდანაც გავიდა.

„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებები მისცა, რომ მელიას დაკავების საკითხი მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე იხილებოდა. ეს ხომ ის არის, როცა ბოლშევიკურ ტრადიციაზე ვსაუბრობთ, როცა გადაწყვეტილებას ცეკა-ზე იღებდნენ და მერე ე.წ. ტროიკები ასრულებდნენ?! აბა, რა სამართლებრივ პროცესზე ვლაპარაკობთ?“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დებატებში მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი იყო ვადებზე და არა აღსრულებაზე, ხოლო რაც შეეხება კომუნიკაციას, მმართველი გუნდის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხზე პრემიერსა და შს სამინისტროს შორის კომუნიკაციის არსებობა აბსოლუტურად ნორმალურია.