პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ამნისტიისთვის ნიკა მელიას თანხმობა კი არ არის საჭირო, არამედ უარი არ უნდა თქვას ამაზე, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ამნისტიისთვის ნიკა მელიას თანხმობა კი არ არის საჭირო, არამედ უარი არ უნდა თქვას ამაზე, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განმარტებით, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ამნისტიასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ოპოზიციისთვის მიუღებელია წინაპირობა, რომ პირის ამნისტირებისთვის საჭიროა მისივე თანხმობა, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია, წინაპირობა, რომ პირის ამნისტირებისთვის საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

„ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია წინასწარი თანხმობა ამნისტიის გავრცელებაზე. „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა დაზარალებულთა თანხმობა, რაც ჩვენს ვერსიაშია. ნიკა მელიასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ მათი ვერსიით, ამნისტირებისთვის ნიკა მელიას თანხმობა კი არ არის საჭირო, არამედ უარი არ უნდა თქვას, მაგრამ ესეც მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის ვერსია იყო, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო. რეალობა არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველას გვჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღება, სხვანაირად ვერ წავალთ წინ. პირადად ჩემი სახელით შემიძლია ვთქვა, რომ კომპრომისზე შეიძლება მეფიქრა პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხრიდან თანხმობა ამოგვეღო და ეს დაგვეკომპენსირებინა იმით, რომ სახელმწიფომ აიღოს დაზარალებულთა მკურნალობის და რეაბილიტაციის ვალდებულება. ამის ფასად მზად ვიყავი თანხმობების ამოღებაზე. ვერ შევთანხმდით, რადგან მარტო არ ვარ და სხვა ადამიანებიც არიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.