პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგში 12-პუნქტიანი რეკომენდაციების საკითხი თუ შემოაქვს, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ უბრალო მაყურებლის როლში, აუცილებელია ყველა ტრიბუნის გამოყენება
პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგში 12-პუნქტიანი რეკომენდაციების საკითხი თუ შემოაქვს, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ უბრალო მაყურებლის როლში, აუცილებელია ყველა ტრიბუნის გამოყენება

ბოიკოტის გადახედვა გამოწვეულია იმით, რომ თუ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების საკითხი შემოაქვს „ქართულ ოცნებას“ დღის წესრიგში, არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ უბრალო მაყურებლის როლში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და აუცილებელია ყველა ტრიბუნის გამოყენება. ეს არის ჩემი პოზიცია და არ მგონია, განსხვავებული პოზიცია იყოს „სტრატეგია აღმაშენებელში“. ევროპაზე უფრო დიდი ეროვნული ამოცანა ამ მოცემულობაში, თავისუფლების გამოცხადების შემდეგ საქართველოს არ აქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სული მიყიდა მტერს, რომ როგორმე ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„უკრაინის ამბები ხომ გახსოვთ? ასოცირების ხელშეკრულებაზე არ მოაწერინა რუსეთმა ხელი იანუკოვიჩს და რატომ ჰგონია ვინმეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვებენ სივრცეს ამ პირობებში, ივანიშვილის რეჟიმი როგორიც არის, რომ ქვეყანამ ადვილად მიიღოს კანდიდატის სტატუსი?“ – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, პოლიტიკური ნება რომ იყოს, ყველა რეკომენდაცია ორ თვეში შესრულდებოდა და ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა არასწორია.

„რომც არ მივიდეს ოპოზიცია, ვთქვათ და, არ გვესმის ევროპის მნიშვნელობა და არ მივდივართ შეხვედრაზე, რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ჩემი მონაწილეობა? თუ დეოლიგარქიზაციის ან სასამართლო რეფორმის შესახებ კანონის მიღება უნდათ, ვინ უშლის ხელს, მაგრამ მიზეზს ეძებენ, ოპოზიცია არ დადის და ამიტომ არ ვასრულებთ თურმე რეკომენდაციას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გადაწყვიტა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ერთი თვის შემდეგ ბოიკოტის გადახედვა, რადგანაც ერთი თვის წინ, როდესაც ევრორეკომენდაციებზე მუშაობის აუცილებლობა ასევე იდგა, პარტია საპარლამენტო ბოიკოტის იდეაში „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და უკავშირდება თუ არა ეს ნაბიჯი ბრიუსელსა და სტრასბურგში ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ვიზიტს, სადაც, შესაძლოა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მათი მისამართით იყო პირდაპირი მოწოდება, რომ სამუშაოდ ხელისუფლებასთან ერთად დასხდნენ, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ეს პროპაგანდაა და არ ესმის, რას იძლევა ეს პროპაგანდა. რაც შეეხება პარტნიორების მოწოდებას, მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მათ პატივს სცემს, მაგრამ პარტიას არ სჭირდება არავის მოწოდება იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მიუთითებს თუ არა არათანმიმდევრულობაზე ფაქტები, რომ ოპოზიციამ ერთი თვის წინ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა, შემდეგ დროებით შეწყვიტა, ახლა კი ბოიკოტის იდეის გადახედვაზე მიდის საუბარი, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არის თანმიმდევრული.

„როგორ შეიძლება, ჩემკენ ვინმემ გამოიშვიროს ხელი, როდესაც წინა წელს, მთელი ზაფხულის მანძილზე ექვსი კანონპროექტი მოვამზადეთ და „ქართულმა ოცნებამ“ კომიტეტის სხდომაზეც კი არ გაიტანა? ჩვენ თანმიმდევრული ვართ. ბოიკოტში წავედით იმიტომ, რომ ზემოქმედება გვინდოდა, მოგვეხდინა ხელისუფლებაზე და უცხოელ პარტნიორებზე. პროტესტის ეს ფორმა ჩვეულებრივი ფორმაა, რეგლამენტი იცნობს და ბოიკოტის დემონიზებას ნუ ვახდენთ. მაგრამ მერე რა ქნეს? შემოიტანეს რუსული კანონი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს გიორგი მარგველაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მას, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ალტერნატიული არჩევანის სახით მესამე ცენტრიც შეიქმნება და საბჭოს ფორმირებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყება, ვისთან ესახება ერთობის მიღწევა და სად გადის მისთვის წითელი ხაზი, რადგან გიორგი მარგველაშვილის ფორმულაა, ყველა მინუს გახარიას პარტია და მერაბიშვილი, რაზეც მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მას ასეთი წითელი ხაზები არ აქვს.

„რომ ვთქვა, წითელ ხაზებს ვაწესებ, ევროპისკენ ვინ წამომყვეს და ვინ არა, ასეთი წითელი ხაზები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ თვითონაც არ იკლავენ დიდად თავს. როგორც ვატყობ, გახარიასაც არ აქვს დიდი სურვილი ურთიერთობის და არც მე ვგიჟდები მასზე, მართალი თუ გინდათ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.