პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილს არ აირჩევენ
პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილს არ აირჩევენ

„ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, ვიდრე გიორგი კალანდარიშვილს არ აირჩევენ, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების არჩევის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ გააჭიანურა, შემდეგ საერთოდ ჩააგდო, მანამდე კი კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის გათვალისწინებით, ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე შესაძლოა, მოვალეობის შემსრულებელი უვადოდ იყოს.

„ასეთია „ქართული ოცნების“ ნოუ ჰაუ – ადამიანს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული აქვს, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე შეეძლება, მოვალეობის შემსრულებელი იყოს. რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანონის მიღება, რომლის საფუძველზეც გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის უვადო მოვალეობის შემსრულებელია? „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი კანდიდატი ჩააგდოს, ვიდრე კალანდარიშვილს არ აირჩევენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.