პაატა მანჯგალაძე - პარტიებში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე მსჯელობა თუ იქნება და გადაწყდება, რომ ერთჯერადად შესაძლებელია პარლამენტში შესვლა, ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ
პაატა მანჯგალაძე - პარტიებში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე მსჯელობა თუ იქნება და გადაწყდება, რომ ერთჯერადად შესაძლებელია პარლამენტში შესვლა, ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ

პარტიებში უბარიერო პროპორციულ სისტემაზე მსჯელობა თუ იქნება და გადაწყდება, რომ ერთჯერადად შესაძლებელია პარლამენტში შესვლა, ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშნებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება საერთო ოპოზიციურ ფორმატში იყოს მიღებული. ამასთან, ის დადებითად აფასებს ოპოზიციაში განსხვავებული აზრის არსებობას.

„ყველა ეს იდეა საინტერესოა ჩვენთვის. საარჩევნო რეფორმასთან და ბარიერთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა შევთანხმდებით მთავარ საკითხზე. მთავარი საკითხი გახლავთ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველზე. საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ წავა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, მარტო იქ შეპარვას და თითის დაჭერას ნამდვილად არ ვაპირებთ.  საერთო ოპოზიციურ ფორმატში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მნიშვნელოვანია ბარიერის საკითხი.

კარგია, რომ ოპოზიციაში არსებობს განსხვავებული აზრი, სწორედ მაგით განვსხვავდებით ხელისუფლებისგან, რომ ჩვენთან არის აზრების გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ რომ შევიდეთ პარლამენტში, მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების საკითხზე შეთანხმება. რიგგარეშე არჩევნებზე თუ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პარტიებში ამ საკითხზე მსჯელობა იქნება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთჯერადად შესაძლებელია შესვლა, ჩვენ ამის წინააღმდეგ არ წავალთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს