პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ ერთიან ფრონტს, ფსევდოოპოზიციის და პრორუსული ძალების გარდა ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა
პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ ერთიან ფრონტს, ფსევდოოპოზიციის და პრორუსული ძალების გარდა ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა

ოპოზიციას ვთავაზობთ ერთიან ფრონტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ის არ არის, ვინმეს პარტიაში შევუვარდეთ და მაინცდამაინც „ლელოს“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მინდა ჩაწერა. არა, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ერთიანი ფრონტი. ფსევდოოპოზიციის და პრორუსული ძალების გარდა ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ფრიდონ ინჯიას არ შემოვუშვებთ, მაგალითად, პირდაპირ გეუბნებით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა მათ მიერ ინიცირებული პრაიმერიზი ერთიანი საარჩევნო სიის შედგენას და მთავრობის მომავალი წევრების შერჩევას, რაზეც ოპონენტები საუბრობენ, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ როგორც გამოცდილებამ აჩვენა, კულუარებში, მხარდამჭერთა ზურგს უკან მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორი არ არის და „სტრატეგია აღმაშენებელს“ სურს, სამართლიანი თამაშის წესები შემოიტანოს.

„პრაიმერიზი არის ყველაზე საუკეთესო წესი, რაც არის აპრობირებული აშშ-ში და ამის საწინააღმდეგო არ შეიძლება, იდეაში რამე არსებობდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთობა რომ მყარი იყოს, აუცილებელია, კულუარული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გადმოვიტანოთ გამჭვირვალე პროცესში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დავაბრუნოთ ჩვენი მხარდამჭერები, მოქალაქეები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რაზეა ორიენტირებული მათი შეთავაზება, გაერთიანებისკენ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ 2024 წლის არჩევნებისთვის, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შეთავაზება ორიენტირებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე, მშვიდობიანად, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში მოხდეს ხელისუფლების ჩამოშორება.

„რაც უფრო მალე შევძლებთ ამას, ეს არის ჩემი ამოცანა, მაგრამ მე შევძლებ თუ არა ამას მალე, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ერთად შევძლებთ დგომას, რამდენი შევძლებთ და რა მასშტაბი ექნება ჩვენს წინააღმდეგობის მოძრაობას. მარტო პაატა მანჯგალაძის, ან ორი მერცხლის, ან ერთი მერცხლის მოფრენა რომ იყოს შესაძლებელი, გაზაფხულიც მოვიდოდა. გაზაფხულს ვერ მოიყვანს ორი მერცხალი, ამას საერთო ოპოზიციური ფრონტი სჭირდება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ აქვს.

„მიზანი პარლამენტში მოხვედრა რომ იყოს, ჩვენ პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოთხჯერ უფრო მეტი წარმომადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, თუ ეს არის ამოცანა, მაგრამ მანდატი ხომ არ არის მთავარი? მანდატიც, პარლამენტიც და ხელისუფლებაც ეკუთვნის ხალხს. ხალხისთვისაა ეს ყველაფერი და მეც ხალხს წარმოვადგენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გადასარჩენად ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„თუ ჩვენ ერთიანი ფრონტით არ გამოვალთ და ხალხს არ ავუხსნით საფრთხეებს, რაც დღეს საქართველოში არის, ვერც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვერც „ქართულ ოცნებას“ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას, 2024 წელსაც, ვერც გვარამიას გამოვიყვანთ ციხიდან და ვერც სააკაშვილს გადავარჩენთ. ერთადერთი გამოსავალი არის ერთიანობა, არა იმისთვის, რომ ვიღაც წინ წავიდეს და წინ მოექცეს, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს, პოლიტიკას აზრი ჰქონდეს ამ ქვეყანაში და ქვეყანა დემოკრატიულ რელსზე დავაბრუნოთ. ერთიანობის გარდა სხვა იდეა არ არის. მაშინ, ვინც გვაკრიტიკებს, გვითხრან უფრო უკეთესი და დიდი იდეა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეკითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ასეთ წინააღმდეგობას ოპოზიციური პარტიებისგან, მანჯგალაძემ თქვა, რომ შესაძლოა, ეს იმით იყოს გამოწვეული, რომ ჯერ ყველა არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა ხიფათს უქადის ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება.