პაატა მანჯგალაძე - მელიას გასათავისუფლებლად ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა
პაატა მანჯგალაძე - მელიას გასათავისუფლებლად ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა

გირაოს გადახდა, მართლაც ამორალურია და ამ საკითხში ნიკა მელიას ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება, მიუღებელიც იყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე გზა. პირველი იყო გირაოს გადახდა, რაც მართლა ამორალურია და ამ საკითხში ნიკა მელიას ჩემი აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. მეორე საკითხი არის ამნისტია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ნიკა მელიასთვის შეიძლება, მიუღებელიც იყოს. ამას ამ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, ნიკა მელიას საპატიმროდან  გამოსასვლელ გზებზე საუბრისას, მანჯგალაძემ განიხილა აქციის ვერსიაც, თუმცა დასძინა, რომ აქციით ხელისუფლების შეცვლის ალბათობა დაბალია.

„კიდევ არსებობს ერთი საშუალება, რომ გამოვიყვანოთ 50 ათასი კაცი და შევცვალოთ ხელისუფლება, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია ამ ეტაპზე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ აქციებზე პარტიული აქტივების გარდა, ნიკა მელიას დაპატიმრების დროს არავინ გამოსულა. მეოთხე კი არის აბსურდული, რომ ბიძინა ივანიშვილს გაეხსნას გონება და უარი თქვას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ამ ოთხი ჩამოთვლილი ვარიანტიდან ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში, მე არ ვამბობ საუკეთესო, რეალისტური არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას. ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია უმწიკვლოდ გამოვიდეს ამ პროცესისგან, მაგრამ ამისთვის არის საჭირო ერთი რამ. ნუ გვლანძღავენ და ხელს ნუ შეგვიშლიან ამ პროცესში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე აცხადებს, რომ მისაღებია ყველა ფორმა, რომელიც მალე გამოიყვანს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საპატიმროდან, თუმცა მოცემულ სიტუაციაში მელიას გასათავისუფლებლად ოპტიმალური გამოსავალი ამნისტიაა.

„ძალიან კარგია თავდებობასთან დაკავშირებული ინიციატივა, თუმცა შეთანხმებას სჭირდება ორი მხარის ნება და „ქართული ოცნების“ პირობებში გამოვრიცხავ ამ შესაძლებლობას, მაგრამ მივესალმები, თუ ასე მოხდება. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მისაღებია ყველა ფორმა, რომელიც მალე გამოიყვანს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საპატიმროდან. ჩვენთვის მისაღებია თავდებობა, რადგან ნაკლებ რისკს შეიცავს, მათ შორის – მორალურს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არის მოცემულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას. ამ რეალობაში ოპტიმალური გამოსავალი არის ამნისტია, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანები თუ მხარს არ დაუჭერენ ამას, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, კანონი ამნისტიის შესახებ არის დამუშავების ეტაპზე და სამშაბათს უკვე დარეგისტრირდება პარლამენტში.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რათა გამოვიდეს პირველ ეტაპზე გიორგი რურუა. არავინ ათანაბრებს ნიკა მელიას და იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ღირსებისთვის იბრძოდნენ, იმ ადამიანებთან, რომლებმაც თვალი დათხარეს. თვალის დათხრაზე არსებობს კონვენციით დაცული მუხლები და თითოეულ იმ ადამიანზე, რომელიც ძალადობდა, რომელიც თვალს თხრიდა, ვერანაირად ვერ გავრცელდება აღნიშნული ამნისტია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

დატოვე კომენტარი