პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, არ მოექცეს საქართველო იზოლაციაში, ოპოზიციის გეგმა კი არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვიშორებთ
პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, არ მოექცეს საქართველო იზოლაციაში, ოპოზიციის გეგმა კი არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვიშორებთ

ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, არ მოექცეს საქართველო იზოლაციაში, ოპოზიციის გეგმა კი არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვიშორებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა რთულდება.

„ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული, რთულდება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მდგომარეობა, განსაკუთრებით ხელისუფლების. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გეგმა, რომ საქართველო არ მოექცეს იზოლაციაში, არ დარჩეს მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. გლობალური ომის წარმომადგენლები ეძახეს ვენეციის კომისიას, მერე ნატო-ს, გაერო-ს. მოკავშირე არ დარჩა ხელის ჩამომრთმეველი. ვარჰეი იყო ერთი უნგრელი, რომელიც გამარჯობას ეუბნებოდა და ისიც აღარ ეტყვის. ოპოზიციის გეგმა არის პროტესტი, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ჩამოვაშორებთ. საერთაშორისო ასპარეზზე სათქმელი ითქვა. ევროპასა და ამერიკას სუვერენიტეტის მთავარ მტრად აცხადებენ. ამერიკა არის 20 000 კილომეტრში აქედან და რუსის ჯარი დგას 30 კილომეტრში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ამერიკასა და ევროპაში წასასვლელი გზები ეხერგებათ.

„საერთოდ არ მინდა, ვინმე იყოს სანქცირებულთა სიაში. წაიღეთ ეს რუსული კანონი უკან. ამერიკას მტრად აცხადებენ და ამერიკა რომ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს უწესებს, ის არ მოსწონთ. მთელ საქართველოს უხერგავენ ამერიკასა და ევროპაში წასასვლელს და ოჯახის წევრზე სანქციები არ შეიძლება თურმე. ყველა იგრძნობს საკუთარ კანზე, როცა დააპირებს ამერიკაში გადაადგილებას და ვერ წავა, პლასტიკურ ბარათს რომ აიღებს და ანგარიში ექნება გაყინული. ყველა იგრძნობს დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რომ არიან სანქცირებულები. თქვენ გინდათ, რომ სახელი და გვარი ჩაწერონ? გავიგებთ სახელსაც და გვარსაც“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ უნდა იყონ აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკოსებს, სამართალდამცველებს და ბიზნესმენებს უნდა შეეხოს.

„სანქცირებულთა სიაში უნდა იყვნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, სამართალდამცველები, რომლებიც არბევდნენ ახალგაზრდებსა და პოლიტიკოსებს. ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც კვებავენ რეჟიმს“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.