პაატა მანჯგალაძე - ხაბეიშვილს როცა რამეს ვეუბნები, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს, მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა, „ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ
პაატა მანჯგალაძე - ხაბეიშვილს როცა რამეს ვეუბნები, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს, მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა, „ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ

მელიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ეს ყველაფერი გაბრაზებული ადამიანის განცხადებებს ჰგავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„რა დამოკიდებულებაც მქონდა, იგივე დამოკიდებულება მაქვს. პოლიტიკაში არ მიყვარს შეთქმულების თეორიები. მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არის გაბედული ლიდერი. გავრილოვი როცა ჩამოვიდა, მის გვერდით ვიდექი და მელია იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია, ხალხთან იდგა. ეს უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მელიას ბევრი რამ არ მომწონს და არ მომწონს ეს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ეს ყველაფერი გაბრაზებული ადამიანის განცხადებებს ჰგავს. შოთა რუსთაველს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ახლა საუბარი, როდესაც თავმჯდომარე არ ხარ, სწორი არ არის. მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ძალაუფლება გაქვს, თორემ მართალიც რომ იყოს, გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან არავინ დაგიჯერებს. მე რომ ახლა ლაპარაკი დავიწყო წარსულზე, იმის იქით კიდევ რა ხდებოდა და მერე კიდევ იმის იქით, „ქოცები“ უნდა გავახაროთ და ამას არასდროს გავაკეთებ. ჩემი საზრუნავი არ არის, „ნაცმოძრაობაში“ წარსულში რა ხდებოდა ან ახლა რა ხდება.

ნიკა მელია ხაბეიშვილთან ურთიერთობას ჩვენი ჩარევის გარეშე გაარკვევს. დალოცვილია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობა კი არა, მთელი ევროპა ლაპარაკობს, რომ მთავარი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი გყავთ ბიძინა ივანიშვილიო. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე გაარკვევს, მმართველობის ფორმა ფორმალური ჰქონდეს თუ არაფორმალური. ქვეყანას მივხედოთ. ცუდია, არაფორმალური მმართველობა თუ არის. ლევან ხაბეიშვილს რომ ვხედავ, რასაც ვეუბნები, იქვე წყვეტს, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს და მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა. ღარიბაშვილი რომ არაფრის გადამწყვეტი არ არის ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცი. ღარიბაშვილს არავინ არაფერს ეკითხება. დარჩა იმად, რაც იყო, ბერას ძიძად. „ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.