პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის ულტიმატუმი არის იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ
პაატა მანჯგალაძე - იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის ულტიმატუმი არის იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ

ულტიმატუმს არ ვიღებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში კარგი კანდიდატები არ გვყავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ოპოზიოცინერი დეპუტატი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, რომ ოპოზიციამ დღის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები წარმოადგინოს.

მანჯგალაძის შეფასებით, ეს არ არის საქმიანი შედეგის მიღწევისთვის წამოყენებული ულტიმატუმი, არამედ არის ულტიმატუმი პროცესის ჩავარდნისთვის.

„ჩვენ გვყავს კარგი კანდიდატები, ესენი ჩვენი კანდიდატები არ არიან. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებული მიუკერძოებელი და პროფესიონალი კანდიდატები, რომელთა რეპუტაციაში ეჭვი არავის ეპარება. ჩვენ ამ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს და დავასახელებთ. ჩვენ გვქონდა ოპოზიციის შეხვედრა, მაგრამ „ქართული ოცნების“ ულტიმატუმს არ ვუპასუხებთ იმით, 24 საათში წარმოადგინეთო, რომ გვეუბნებიან. ორი წელია, ეს ვაკანსია არსებობს და უცებ გავიქცეთ და ფურცელი მივიტანოთ, მაგრამ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ასეთი საუკეთესო კანდიდატები გვყავს და პარლამენტში არიან წარმოდგენილი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადმოდგას კონკრეტული ნაბიჯები და დაადასტუროს გულწრფელობა, რომ ნამდვილად მზად არის, აირჩიოს იუსტიციის საბჭოში ღირსეული კანდიდატები. ამაზე მზაობას ვერ ვხედავთ. ამ პროცესს „ქართული ოცნება“ გამოიყენებს და ულტიმატუმებს დააყენებს, რათა ეს პროცესი არ გამოვიდეს. ეს არ არის საქმიანი შედეგის მიღწევისთვის წამოყენებული ულტიმატუმი. ეს არის ულტიმატუმი იმისთვის, რომ პროცესი ჩააგდონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.