პაატა მანჯგალაძე - დეოლიგარქიზაციაზე ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ, რათა სპეკულაციები მორჩეს
პაატა მანჯგალაძე - დეოლიგარქიზაციაზე ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ, რათა სპეკულაციები მორჩეს

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სპეკულაციები მორჩეს, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

„ირაკლი კობახიძეს პირველ კურსზე ასწავლეს, რომ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის კანონმდებლობის კოპირება სხვადასხვა შედეგს იძლევა. შესაბამისად, უკრაინული კანონის კოპირება ქართულ რეალობაში, როცა ოლიგარქია ხელისუფლებაშია, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. იმისათვის, რომ მორჩეს სპეკულაციები, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გავაგზავნოთ. რომელ პროექტსაც ექნება დადებითი შეფასება, ის უნდა განვიხილოთ. არგუმენტია, რომ დეკემბერში უნდა დავასრულოთ, მაგრამ ამ საკითხზე გამონაკლისის დაშვება შეიძლება, რადგან, როგორც პარტნიორები გვეუბნებიან, საბოლოო შეფასება წლის ბოლომდე არ იქნება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ამასთან, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ.“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“.