„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე - დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე - დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება

მინდა, მარტივი რჩევა მივცე ოპოზიციონერ კოლეგებს, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არ არსებობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ გენერალურმა მდივნმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებები არ გაკვირვებია, თუმცა გაუგებარია ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის მოსაზრება.

„დღეს მოხდა ახალი საარჩევნო პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრენდის პრეზენტაცია და საზოგადოებას შევთავაზეთ ძლიან მარტივი არჩევანი – ან დამსხვრეული ოცნებების პარტია და ხელისუფლება, ან აღმშენებლობა და დამარცხებული სიღარიბე. კიდევ ერთხელ განვმარტავ, გიორგი ვაშაძის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ეს გადაწყვეტილება ნაკარნახებია ოპოზიციის საერთო გამარჯვების ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიცია კი არ დაიშალა, არამედ, ამ ახალი არჩევანით უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი გახდა.

ჩემთვის გასაგებია ის კომენტარები, რაც „ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელმაც საქართველოს მოსახელობას დაუმსხვრია არა მხოლოდ ოცნებები, არამედ, იმედიც კი ჩაუქრო, რომ ეს სიღარიბე და მძიმე ყოფა ოდსმე დასრულდება. ამასთან, ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარები და რაღაც სულელურ შეთქმულების თეორიებზე საუბარი. მინდა, მარტივი რჩევა მივცე მათ, ვიდრე რაიმე განცხადებას გავაკეთებთ, დავფიქრდეთ, ვის ინტერესებში შედის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ოპოზიციას შორის დაპირისპირება და საერთო ოპოზიციური ფრონტის არ არსებობა. მეგობრებო, ხალხი ჩვენგან ელოდება ცვლილებებს და არა გაუთავებელ კინკლაობასა და ერთმანეთში მტყუან-მართლის გარკვევას. მრავალფეროვნების ერთიანობით გავიმარჯვებთ“, –  აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. მათ შორის, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ „გიორგი ვაშაძის გამარჯვების ფორმულა მცდარია“. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო ბლოკად გადაკეთდეს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „გიორგი ვაშაძის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი და მისი ინფორმაციით, ეს არის ვანო ჩხარტიშვილი“.