პაატა მანჯგალაძე - ჩვენ თემატურ ბოიკოტში ვიყავით, ევროპული კურსის საკითხებზე ვერთვებოდით განხილვებში, დანარჩენად, დეკორაციაში ყოფნას გვირჩევნია, ადამიანებთან დავხარჯოთ დრო
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ თემატურ ბოიკოტში ვიყავით, ევროპული კურსის საკითხებზე ვერთვებოდით განხილვებში, დანარჩენად, დეკორაციაში ყოფნას გვირჩევნია, ადამიანებთან დავხარჯოთ დრო

ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა პროცესში ჩაერთოს და რა პროცესში – არა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტში ყოფნის მოტივაცია დაკავშირებულია არა „ნაცმოძრაობის“, არამედ ხელისუფლების ქმედებებთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ თემატურ ბოიკოტშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპული კურსის საკითხების განხილვებში ერთვება.

„ჩვენ ისედაც თემატურ ბოიკოტში ვიყავით. 12-პუნქტიან საკითხებზე, რა თქმა უნდა, ვაპირებთ განხილვებში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ მეტ დროს ვუთმობთ მოქალაქეებს, იმ პრობლემებს, რაც ხალხს აქვს, რათა კიდევ ერთხელ დავაყენოთ ეს პრობლემები დღის წესრიგში. მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ – თავისი. ჩვენი ბოიკოტი არანაირად არ უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს. ამ ეტაპზე „სტრატეგია აღმაშენებელი“ თემატურ ბოიკოტში იყო, რაც ნიშნავს, რომ ევროპული კურსის საკითხებზე ისედაც ვიყავით ჩართული კანონპროექტების განხილვაში. დანარჩენად, ვფიქრობთ, დეკორაციაში ყოფნას გვირჩევნია, ადამიანებთან დავხარჯოთ დრო, რომ მათი პრობლემების დღის წესრიგში დაყენება შევძლოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.