პაატა მანჯგალაძე - ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტში განუსაზღვრელია პირთა წრე, ჩვენს პროექტში კი განსაზღვრულია, ვისზე შეიძლება გავრცელდეს
პაატა მანჯგალაძე - ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტში განუსაზღვრელია პირთა წრე, ჩვენს პროექტში კი განსაზღვრულია, ვისზე შეიძლება გავრცელდეს

ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტში განუსაზღვრელია პირთა წრე, ჩვენს პროექტში კი განსაზღვრულია, ვისზე შეიძლება გავრცელდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში „ქართული ოცნების“ მიერ დაზუსტებულია, რომ მისი ინტერესი იყო ამნისტიის გავრცელება სამ პოლიციელზე, ვის მიმართაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ახლა „ქართულ ოცნებას“ სურს, ამნისტია უფრო ფართოდ გავრცელდეს, რაც აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა, 20 ივნისის მოვლენებისას დანაშაული ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის პირებმაც.

„ამნისტიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი დოკუმენტით შეზღუდულია პირთა წრე და ვამბობთ, რომ გავრცელდეს მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა ან შეფარდებული აქვს სასჯელი. მმართველი გუნდის პროექტში განუსაზღვრელი პირთა წრეა, ჩვენთან კი პირთა წრე განსაზღვრულია. ჩვენს ვერსიაში განჭვრეტადია, თუ ვისზე შეიძლება გავრცელდეს“

შარლ მიშელის დოკუმენტში მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე საუბარი არ ყოფილა. არსებობს შეთანხმების მიმდინარეობის პროტოკოლი და ჩანაწერში დაზუსტებულია, რომ ხელისუფლების ინტერესი იყო მისი გავრცელება სამ პოლიციელზე, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ახლა ხელისუფლება ცდილობს ფართო ინტერპრეტაციას. „ქართული ოცნება“ თუ ამბობს, რომ იმ დღეს ჩადენილია სხვა დანაშაულიც, გარდა იმისა, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ თუ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლის დროს, ეს სხვა რეალობაა. გამოვიდნენ, აღიარონ, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და ამის შემდეგ საუბარს დავიწყებთ. მჯერა, საზოგადოების მხარდაჭერას ჩვენი პროექტი მოიპოვებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დატოვე კომენტარი