პაატა მანჯგალაძე - 52-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონდე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით „ქართული ოცნება“ მიიყენებს თვითდაზიანებას
პაატა მანჯგალაძე - 52-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონდე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით „ქართული ოცნება“ მიიყენებს თვითდაზიანებას

ის, რომ 2 თებერვალს „ქართული ოცნება“ 52-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონდე დეპუტატებს უფლებამოსილებას რომ შეუწყვეტს, ამით ისინი მიიყენებენ თვითდაზიანებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ის მცირე ლეგიტიმაციის ხარისხი, რაც ჰქონდა შერჩენილი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით, იმასაც დაკარგავს.

„ჩვენ უკვე გაფორმებული გვექნება ოფიციალურად ერთპარტიული პარლამენტი, რაც არ უნდა ფასადური ადამიანები შევიდნენ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ის ვერ იქნება პარლამენტი. ხელისუფლების პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს და სახელმწიფოებრივი მაღალი შეგნება რომ გვქონდეს, მაშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შედგებოდა. ყველა უფლება, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, მოპოვებულია ქუჩის საპროტესტო აქციებით, რომლებიც არის კონსტიტუციით დადგენილი  და ნუ მოახდენთ ამის დემონიზებას. როცა არჩევნებით და მოლაპარაკებებით არ ხდება შეთანხმების მიღწევა, ადამიანებს მხოლოდ ქუჩის პროტესტი რჩებათ. ჩვენ გამოვიყენებთ კანონმდებლობის ყველა ფორმასა და საშუალებას, რომ საქართველოს ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები არ არიან ერთი გაერთიანება, რომელსაც ერთი საერთო აზრი უნდა ქონდეს, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან სტრატეგიული პარტნიორები და ერთი მიზანი აქვთ.

„სხვა საკითხებზე ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური და პრინციპული სხვაობები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძე „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მუქარაზე საუბრობდა.

პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე იაგო ხვიჩია სერიოზულად არ საუბრობდა.

„ყოველთვის მქონდა და არაერთხელ დამიფიქსირებია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა მელიას საპირისპირო პოზიცია და ჩვენ შემთვევაში მუქარას ადგილი არ ქონია. საერთოდ არანაირ შეხვედრაზე არ განხილულა „გირჩის“ საკითხი. მე არ დავსწრებივარ არც ერთ შეხვედრას, სადაც განიხილებოდა ვინმეს მიერ ვინმეს გარიცხვა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.