პაატა მანჯგალაძე - 100 პროცენტით ვიზიარებ პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებას
პაატა მანჯგალაძე - 100 პროცენტით ვიზიარებ პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებას

100 პროცენტით ვიზიარებ პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა: „რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით საქართველოს ახალი პერსპექტივები გაეხსნება, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა“.

„მეტიც, არა მარტო პერსპექტივა გვექნება მომავალში, ახლანდელ დროშიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ის, რომ უკრაინამ თავისუფლებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა და არ დანებდა. ეს რომ ასე მომხდარიყო, დღეს საქართველოს არამარტო დსთ-ს წევრობა მოუწევდა, არამედ სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმა. 100 პროცენტით გარწმუნებთ, უკრაინას რომ არ ებრძოლა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყო პუტინის ამოცანა და არც დაუმალავს, უკრაინის შემდეგ სამიზნე იქნებოდა საქართველო და დღეს ქვეყანაში გვეყოლებოდა ღიად რუსული საოკუპაციო რეჟიმი. ახლა შეფარულად გვყავს“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვის არანაირი რესურსი არ გააჩნია.

„საქართველოს თავის დასაცავი ძალიან სუსტი რესურსი აქვს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლა ბიუროკრატიის ხარჯი კი არ უნდა გავზარდოთ, თავდაცვის ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით უნდა გავზარდოთ. საქართველომ ორჯერ გამოაცხადა რუსეთისგან დამოუკიდებლობა, 1918 წელს და საბჭოთა კავშირის იმპერია დასუსტდა, დამარცხდა და გავხდით თავისუფლები. ახლა მესამედ მინდა, დამარცხდეს რუსეთის ფედერაცია და ამ პირობებში საქართველომ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.