პაატა კვიჟინაძე - 600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, ეს საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა
პაატა კვიჟინაძე - 600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, ეს საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა

600 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, ეს საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, როდესაც მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდა, მის სამთავრობო პროგრამაში მთავარი იყო ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო პირველივე დღიდან.

„მუშაობა დაწყებულია: პირველი – საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები, როდესაც მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5 %-ის ნაცვლად დაიბეგრა 1 %-იანი განაკვეთით. გაიზარდა მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე და დაწესდა სხვა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები. მეორე როდესაც ისეთ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ სრულად ჩამოეწერათ 2013 წლის პირველი იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, შედეგად ჯამურად სულ 3 მილიარდამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი კანონი.

კვიჟინაძის განმარტებით, შეიზღუდა ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირების მიერ ფიზიკურ პირზე სესხების გაცემა, სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 100 %-დან 50 %-მდე, ჯარიმების წლიური ლიმიტი 150 %-დან მცირდება 98.55 %-მდე და ა.შ.

„მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის მიერ ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული დებულება, რომლის ძირითადი მიზანია ფიზიკურ პირებს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ჩვენ შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი არასამართლიანი წესები სესხის გაცემასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს დაუგროვდათ დიდი ოდენობით დავალიანება”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, ხანგრძლივი მუშაობისა და მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმება საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის, რომ მოხდეს ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ისეთი მოქალაქეების დავალიანების განულება, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2 000 ლარამდე აქვთ დარჩენილი.

„ასეთი მოქალაქეების რაოდენობა არის 750 ათას ადამიანზე მეტი, აქედან 600 ათასზე შეთანხმება მიღწეულია, რომელთა დავალიანების ჯამური ოდენობა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება, პროცესი გრძელდება და დარჩენილ იმ 150 ათას ადამიანზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ დადებითად დასრულდება. ამ სოციალური სოლიდარობის აქტის განხორციელების შედეგად 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95 %-ს. დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარს, განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომლიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისაგან მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.