პაატა იმნაძე - ყველამ, ვინც ჯანმრთელია და შეუძლია, ჩააბაროს სისხლი
პაატა იმნაძე - ყველამ, ვინც ჯანმრთელია და შეუძლია, ჩააბაროს სისხლი

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მილიონამდე ავიდა, თუმცა ინფექციის სისხლით გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ვიდრე მოხდება პირისგან სისხლის აღება, დამატებით ტარდება მკაცრი შემოწმება.

„ჩვენმა ექიმებმა ლიტერატურას ძალიან კარგად გადახედეს. მილიონამდე ავიდა მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა სისხლით გადაცემის პრეცედენტი, ყოველ შემთხვევაში რაც მათ მოიკვლიეს ლიტერატურაში, არ მოიძებნა. ყველა დონორი ყოველგვარი „კოვიდთან“ დაკავშირების გარეშე, ძალიან მკაცრ შემოწმებას გადის, ვიდრე მოხდება მისგან სისხლის აღება. ეს გულისხმობს ძალიან დეტალურ გამოკითხვას, დეტალურ შეფასებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიცხის გაზომვას. ასევე დაემატა დამატებით კითხვები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც სისხლს აბარებენ.

ამასთან, პაატა იმნაძე მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

„სისხლის პრობლემები იქმნება უკვე მარაგებში. სისხლი ყოველთვის საჭიროა, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც არიან ჯანმრთელები და აქვთ ფიზიკურად ამის შესაძლებლობა, დავუკავშირდეთ უახლოეს სისხლის სადგურებს, კარგი იქნება, თუ სისხლს ჩავაბარებთ, ეს ქვეყანას ყოველთვის სჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.