პაატა იმნაძე - ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, აცრის გარეშე არავინ დარჩება
პაატა იმნაძე - ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, აცრის გარეშე არავინ დარჩება

ვაქცინის მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. 

აღნიშნულით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „პრეტენზიებია იმასთან დაკავშირებით, რომ გამარტივებაა საჭირო რეგისტრაციის პროცესის. რატომ არის საჭირო ორივე დოზაზე ცალ-ცალკე რეგისტრაცია, როდესაც შეიძლება, რომ ერთი დოზის დაჯავშნის დროს ავტომატურად მოხდეს მეორე რიგის მიღებაც. არის თუ არა დაგეგმილი, რომ გამარტივდეს რეგისტრაციის პროცესი, რათა მოქალაქეს თბილისიდან შორ მანძილზე წასვლა არ უწევდეს“.

პაატა იმნაძის თქმით, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, სად აიცრას.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაციიდან მეორე დოზამდე რვა-თორმეტი კვირაა საჭირო. ადამიანს 12 კვირის შემდეგ უნიშნავ დღეს, როცა უნდა მივიდეს. მესმის, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ. ვინაიდან პირველ აცრაზე რეგიონში დაფიქსირდა პირი, ვაიძულო, ისევ ლანჩხუთში წავიდეს, თუ მეორე შემთხვევაში შესაძლებლობა მივცეთ, თბილისში აიცრას. მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, დამშვიდდეს. მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული. ასე რომ, აცრის გარეშე არავინ დარჩება.

თბილისში ყოველდღიურად ემატება აცრის პუნქტები, კიდევ დაემატება. უფრო მაწუხებს, თბილისელები რომ იკავებენ ადგილებს ვთქვათ, რაიონებში და რაიონებში არ არის ვაქცინაციისთვის მოთხოვნა. სიმართლე გითხრათ, მე ეს მაწუხებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.