პაატა იმნაძე - თავს ვგრძნობ გადასარევად
პაატა იმნაძე - თავს ვგრძნობ გადასარევად

თავს ვგრძნობ გადასარევად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია, რათა პანდემია დასრულდეს.

„იმდენ რაღაცაზე ავცრილვარ საჩვენებლად, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების შუაში, როცა საქართველოში დიფტერიის ეპიდემია იყო, მახსოვს, ორჯერ მომიწია სხვადასხვა ადგილას ასე საჩვენებლად აცრა.

ჩვენს ვებგვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაციაა, დანარჩენი უკვე მასმედიაზეა. ძალიან გთხოვთ, გამოიყენოთ ყველა ის მასალა, რომელიც არის ჩვენს ვებგვერდზე იმისთვის, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ ირწმუნონ – ვაქცინის გარეშე ამ დაავადებას ვერ დავძლევთ.

ვერ ვიტყვი, რომ აქტივობა დაბალია. ამ ორ დღეში პირველი სამი დღე იყო სარეგისტრაციო სააცრო დღეები. დარეგისტრირდა 2000 ექიმი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაჩვენებელი განგაშის საფუძველს იძლევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, ექიმების ნაწილი თანახმა იყო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილიყვნენ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრაზე თავს იკავებენ, იმნაძე პასუხობს:

„ჩვენ თუ კარგად დავაკვირდებით, იგივე ხდებოდა დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა „ფაიზერი“ იყო რიგში პირველი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, „ფაიზერი“ იქნება თუ „ასტრაზენეკა“ იქნება. ეს ერთნაირი, მაღალი ხარისხის ვაქცინებია. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, ზუსტად ასევე იყო მაშინ ნორვეგიაში, 23 ადამიანი რომ გარდაიცვალა „ფაიზერის“ შემდეგ. ამაზე იყო ატეხილი ამბავი, ვაიმე, „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის – ის, ვინც რომელიღაც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია“, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. იმნაძემ ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.