პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ აცრაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია, სასიხარულოა, რომ ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება, ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს
პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ აცრაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია, სასიხარულოა, რომ ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება, ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენთან სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის და ჯერჯერობით, ისევ მატებაში ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ერთი პლუსი ის არის, რომ ეს მატება ნახტომისებური არ არის და გაორმაგებები ყოველ მეორე კვირას არ გვაქვს, როგორც შარშან ნოემბერში გვქონდა. მაისის პირველი ნახევარი ასე თუ გავიარეთ, შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად, ნორმალურად შევხვდებით“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციის ამ ტემპით იმის მოლოდინი არ არის, რომ საქართველოს ისრაელის შედეგები ექნება ან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის, რომლებმაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრეს, მაგრამ როდესაც დღეს ადამიანები იცრებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაცული იქნებიან მძიმე დაავადებისგან.

„მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა და ვხედავთ, რომ თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, პრაქტიკულად, ყველა ადგილი დაჯავშნილია. ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა იმნაძემ. 

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როდის მიიღებს „სინოფარმის“ ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, „სინოფარმის“ ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს, მაგრამ საქართველომ ისედაც დიდი დრო დაკარგა და ქვეყანას დროის დაკარგვის უფლება აღარ აქვს.

შეკითხვაზე, რამდენად უსაფრთხო იქნება ვაქცინის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში არა კოვიდთან მიმართებაში, არამედ სხვა მიმართულებით, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მით უმეტეს, როცა ტრადიციული წესით დამზადებულ ვაქცინებზეა საუბარი, პრაქტიკულად, არავითარი შორეული მოვლენები არ შეიძლება, იყოს.

„რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს, ეს არ არის ახალი ტექნოლოგიები. ისინი თხუთმეტი წელიწადია, მუშავდებოდა, მათ შორის, ვაქცინებისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, სამკურნალო წამლების ასე ვთქვათ, ორგანიზმში შესატანად, რომ ისინი დამიზნებული ყოფილიყო. ეს ახალი ტექნოლოგიები კი არის, მაგრამ დღევანდელი მოდელირებები პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს ვაქცინები რომ უსაფრთხოა, ამაში უკვე, მთელი მსოფლიო დარწმუნდა“, – განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მაქსიმუმ, შემდეგ თვეში, საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინა კიდევ შემოვა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა პანდემია თავისი ციკლის ბოლო ფაზაში და მიდის თუ არა ის დასასრულისკენ, რადგან მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე მეორე ტალღის პიკის დროს იყო, მაშინ, როცა ინფიცირების რაოდენობა მეორე ტალღის პიკს უსწრებს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ეს რომ ასე იყოს, ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, კორონას დასრულების პირი არ უჩანს, რომ ადამიანებს თავს ასე ადვილად დაანებებს.

„ეს მუტაციებიც ხომ იმის გამოვლინებაა, რომ ვირუსი თავის გადარჩენას ცდილობს ჩვენ პოპულაციაში. ანუ, ისიც თავს იცავს, იცვლება და ცდილობს, უფრო სწრაფად გავრცელდეს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ის ალბათ, გახდება სეზონური ვირუსი, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი მსხვერპლი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.