პაატა იმნაძე - შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ვითარება დასტაბილურდა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენზე, როგორ დავიცავთ წესებს, იმედია, ახალ წელს პრობლემის გარეშე გადავიტანთ
პაატა იმნაძე - შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ვითარება დასტაბილურდა, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენზე, როგორ დავიცავთ წესებს, იმედია, ახალ წელს პრობლემის გარეშე გადავიტანთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა.

მისივე თქმით, ახლა მოქალაქეებზეა დამოკიდებული, საახალწლოდ რამდენად დაიცავენ არსებულ წესებსა და რეკომენდაციებს.

„მთავარია, შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა. დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. რაც მთავარია, გაკეთებული ტესტებიდან, ბოლო დღეების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად არის 13-14 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და ახლა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად თუ შევეცდებით, დავიცვათ პირბადის ტარების წესი და დისტანცია, იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

„პანდემიამ წელს ბევრი რამ შეცვალა ცხოვრებაში და, ალბათ, სამწუხაროდ, ახალი წლის შეხვედრის ტრადიციაც, მოგვიწევს, რომ ცოტა სხვანაირად შევხვდეთ და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ერთმანეთთან მისვლისგან. მაქსიმალურად ვიწრო ოჯახურ წრეში შევეგებოთ ახალ წელს, რომელიც იმედია, რომ პანდემიის ბოლო წელი იქნება. ვიცი, ქართველებს გვიყვარს ერთმანეთთან სტუმრად სიარული, მაგრამ უნდა შევზღუდოთ და ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წლის შემობრძანება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძე სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დიდი თავშეყრის ადგილებში წესები მაქსიმალურად დაცულია.

„კი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ სადაც დიდი თავშეყრაა, იქ მაქსიმალურად არის დაცული წესები. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტიურენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გავრცელება. ამიტომ წესების მაქსიმალურად დაცვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.