პაატა იმნაძე - შეზღუდვა არავის უნდა, წელიწადია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ, მეც ძალიან მინდა მათთან ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ
პაატა იმნაძე - შეზღუდვა არავის უნდა, წელიწადია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ, მეც ძალიან მინდა მათთან ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ

თითქმის ყველა აფეთქება, რომელიც გვაქვს, დაკავშირებულია ჭირის სუფრებთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რამდენიმე გამონაკლისი იყო დაბადების დღეები, საიდანაც დიდი კლასტერები წარმოიქმნა. ხალხში არის ტრადიციები და ჭირის სუფრები. მესმის, მაგრამ ჩვენი ჭირის სუფრები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება და ამაზე უარი უნდა ვთქვათ“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ავადობის მხრივ ქვეყანა იგივე მდგომარეობაშია, როგორც იყო ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც მეორე ტალღა იწყებოდა.

„ბოლო ერთი თვეა, ჩვენ მატება გვაქვს და თუ შევადარებთ იმას, რაც ხდებოდა სექტემბრის მეორე და ოქტომბრის პირველ ნახევარში, ვნახავთ, რომ მაშინდელი და დღევანდელი ზრდა ერთმანეთთან ძალიან შედარებადია. თუმცა, დღევანდელი მატების ტემპი ჯერჯერობით, არ არის კატასტროფული“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის განმარტებით, ბრიტანულ შტამს რამდენადმე ნაკლები დრო სჭირდება იმისთვის, რომ თუ ადამიანი ამ შტამით არის დაავადებული, სხვა ადამიანი დააავადოს.

„ბრიტანული შტამი არ კლავს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივი შტამი, მაგრამ რადგან ბრიტანული შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, ამიტომაც იმატებს ხოლმე სიკვდილიანობა. გასაგებია, რომ აბსოლუტურ რიცხვებში სიკვდილიანობა მოიმატებს, თუ ბევრი ადამიანი გახდება ავად და ბრიტანულ შტამს სწორედ ეს შეუძლია, რომ ცოტა ხანში უფრო ბევრი ადამიანი გახადოს ავად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების დაწესება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ, შეზღუდვები საჭირო არ იქნება.

„შეზღუდვა არავის უნდა. მე თვითონ რა, მომწონს? წელიწადია, მეგობრებთან ერთად არსად ვყოფილვარ და მეც ძალიან მინდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ არ შეიძლება. ჩვენ, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ბალანსი დავიცვათ შეზღუდვასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის. არჩევანი არის ეს – აქეთ შეზღუდვა, იქით ადამიანის სიცოცხლე, შუაში კი რეგულაციებია და თუ რეგულაციებს დავიცავთ, შეზღუდვები არ დაგვჭირდება. ვიმეორებ – შეზღუდვა არავის უნდა, არც ეპიდემიოლოგს და არც ექიმს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებოდნენ“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პირბადის გარეშე ყოფნა უზრდელობა, სხვისი ჯანმრთელობის გაუთვალისწინებლობა და გვერდით მყოფი ადამიანის მიმართ უპატივცემულობაა.

„პირბადეს თუ ვატარებთ, დიდი იმედი მაქვს, უახლოეს თვე-ნახევარს მცირე დანაკარგებით გავუძვრებით და ზაფხულში, მეტ-ნაკლებად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.