პაატა იმნაძე - საქართველოში წარმოებული ნიღბები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს, მერე შეიძლება, დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას

მერე შეიძლება, დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, რადგან მოსწონს ასეთი რამეები. გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არათუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს კი ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა.

სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში – „შავი ჭირი“, ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ იმ დეპარტამენტის, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელები არიან ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი, ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად.

ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, გამოიყენონ რესპირატორი N95 მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი მაღალია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არათუ მოსახლეობამ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.