პაატა იმნაძე - როცა წესებს არ ვიცავთ, იძულებული ვხდებით, ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები ვურჩიოთ
პაატა იმნაძე - როცა წესებს არ ვიცავთ, იძულებული ვხდებით, ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები ვურჩიოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუკი მოქალაქეები ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაიცავენ, დამატებითი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება საჭირო აღარ გახდება.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ განაცხადა.

„კარანტინი რომ არ გვინდა და ნორმალურად გვინდა ვიცხოვროთ, ამიტომ გახსოვთ, გაზაფხულიდან ვამბობდით, რომ კორონასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. დავიცვათ ელემენტარული წესები, რომ არ გახდეს აუცილებელი დამატებითი შეზღუდვები. ნიღაბი ვატაროთ ხალხმრავალ ადგილებში, დახურულ სივრცეში, დავიცვათ დისტანცია, ხოლო თუ ვერ ვიცავთ დისტანციას, ისევ პირბადე ვატაროთ, ხელები დავიბანოთ. თუ ამ ყველაფერს ჩვენი თანამოქალაქე გააკეთებს, მაშინ არავითარი სხვა შეზღუდვა საჭირო არ გახდება. ხოლო თუ მას არ გავაკეთებთ, იძულებულები ვხდებით ხოლმე, ხელისუფლებას დამატებითი შეზღუდვები ვურჩიოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.