პაატა იმნაძე - რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა
პაატა იმნაძე - რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა

რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხდება დაწესებული რეგულაციების კონტროლი და უნდა გაძლიერდეს თუ არა საინფორმაციო კამპანია, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის.

„კაცს რომ ახლობელი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, ძალიან გთხოვ, ნიღაბი კაიკეთე-თქო?! ან, რამდენჯერ უნდა ვუთხრათ?! ჩვენთან პირბადის მოხმარება 50%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების ნახევარი რეგულაციებს არ იცავს. მე პიარის სპეციალისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და კოვიდის არ სჯერათ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანების გონებამდე დაიყვანო ის, რომ კოვიდი საფრთხეა? მე არ ვიცი და შეიძლება, პიარის სპეციალისტებმა იციან“, – განაცხადა იმნაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ვაქცინაციის არსებული ტემპი, იმნაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, ვაქცინაციის მსურველთა უმრავლესობას „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა, მაგრამ ერთია სურვილები და მეორე რეალობა.

შეკითხვაზე, რამდენად არის არსებული კონკურენციის პირობებში იმის შანსი, რომ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა დროულად და საკმარისი რაოდენობით შემოვიდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ.

„მოდით რა, რეალისტები ვიყოთ. მსოფლიოში ვაქცინების უზარმაზარი დეფიციტია და თვითონ იმ ქვეყნებს არ ჰყოფნის, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ. ჩვენ იმ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და მშვენივრად გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსახლეობა სხვადასხვა, ძალიან კარგი ვაქცინებით აეცრათ. მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინით, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, მომავალი თვეების პროგნოზი ძალიან ცუდია.

„მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა იმნაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა შემთხვევაშია რეკომენდებული აცრამდე გამოკვლევების ჩატარება, რასაც ბოლო დროს ბევრი მოქალაქე მიმართავს, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ აცრამდე არავითარი ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო და ამისთვის არსებობს კითხვარი, რომელიც აცრის წინ ივსება.