პაატა იმნაძე - ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ წითელა ფართოდ გავრცელდეს 
პაატა იმნაძე -  ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ წითელა ფართოდ გავრცელდეს 

ქვეყანაში ჯერ კიდევ არის იმის საფრთხე შენარჩუნებული, რომ წითელა ფართოდ გავრცელდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ეპიდემია ჯერ არ შეჩერებულა და ქვეყანაში უკვე 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„აჭარაში არის ძირითადად ეპიდაფეთქება. თბილისსა და სამეგრელოში შემთხვევები მატულობს, მაგრამ ფაქტი, რომ დამატებითი აცრები ცოტათი გააქტიურდა ქვეყანაში, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თუ კიდევ უფრო აქტიურად წავა აცრები, მაშინ ნაკლები შემთხვევა იქნება. ეპიდაფეთქება დაიწყო გურიიდან. სამედიცინო პერსონალი გახდა ავად ერთ-ერთ საავადმყოფოში, მათგან გადაედო აჭარელ პაციენტს, რომელმაც იქიდან შეიტანა აჭარაში და გავრცელდა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ აცრილები, რათა დაიცვან თავიანთი თავიც და პაციენტებიც. აცრა 40 წლამდე ყველა მოქალაქისთვის უფასოა, 40 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა წითელას მქონე ავადმყოფთან და არ იცის აცრიალია თუ არა, იმისთვისაც უფასოა. ჩვენი გათვლებით, 40 წლის ზემოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმუნურია, მაგრამ 18-და 40 წლამდე მოსახლეობის დაახლოებით 10% არის წითელას ამთვისებელი, რადგან მათ არა აქვთ იმუნიტეტი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის აცრის სტატისტიკა შედარებით მომატებულია და დღეისათვის არაგეგმიურად 20 ათასი ადამიანია აცრილი.