პაატა იმნაძე - ნაღდი ფულის დამუშავება ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია, სადეზინფექციო ხსნარებით  თუ ცხელი უთოს გამოყენებით
პაატა იმნაძე - ნაღდი ფულის დამუშავება ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია, სადეზინფექციო ხსნარებით თუ ცხელი უთოს გამოყენებით

სიფრთხილე საჭიროა ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცემისას, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი ნაღდი ფული ახალი კორონავირუსით ინფიცირების წყარო გახდეს.

ამასთან, იმნაძის თქმით, ხელში გადაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ნივთი შეიძლება, საფრთხის შემცველი იყოს, ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები დიდი ხანია, უკვე დეზინფექციას აკეთებენ. აქ საუბარია არა ვთქვათ, როდესაც ბანკომატიდან იღებს ფულს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში გადაცემაზე. ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება, იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც არის ჩვენი ყველა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სიფრთხილეს, არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა და, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია დამუშავება, ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.