პაატა იმნაძე - მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას, რამდენჯერ შეიძლება, ერთსა და იმავე კითხვას ვუპასუხო, ეს უფრო ძაბავს მოსახლეობას
პაატა იმნაძე - მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას, რამდენჯერ შეიძლება, ერთსა და იმავე კითხვას ვუპასუხო, ეს უფრო ძაბავს მოსახლეობას

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას. ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ აქვს კორონავირუსი, თუმცა მოგვიანებით „პისიარ“ კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ დღეს ტესტი კეთდება ოქროს სტანდარტის წესით.

„მე რომ ვამბობდი მაგას, ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი, რატომ არ არის, რატომ არ არისო. მერე რომ ვთქვი, ბატონო, არის-მეთქი, რატომ არისო. რა ვქნა ახლა, ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდებიო, ნურც მოფრინდებიო. ვამბობ და ვიძახი – ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტი, ხომ? იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება.

და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ, რა. იცით, ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები კიდევ უფრო ძაბავს მოსახლეობის ფსიქიკას. ჩვენ ისედაც ყველა ვართ საკმაოდ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ მგონი მოსახლეობასაც მობეზრდა. რა ვიცი, მე მცხვენია ხოლმე, ერთსა და იმავე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ, რა, ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.