პაატა იმნაძე - მხოლოდ კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ვიკვლევთ ყველას, საჭიროების მიხედვით, არსებული პროტოკოლებით
პაატა იმნაძე - მხოლოდ კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ვიკვლევთ ყველას, საჭიროების მიხედვით, არსებული პროტოკოლებით

მხოლოდ კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ვიკვლევთ ყველას, საჭიროების მიხედვით, არსებული პროტოკოლებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ასამდე ადამიანი არის უკვე გამოკვლეული მოლეკულური ტესტირების მეთოდი. მისი თქმით, ამ მეთოდი იკვლევენ ყველას. „ეს არ არის მხოლოდ ახლო კონტაქტები, ეს არ არის მხოლოდ ოჯახის წევრები და ეს არ არის მხოლოდ წლისთავის სუფრაზე ვინც იყო“, – განმარტა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მთელ საქართველოში გაწერილი პროტოკოლით ხდება მოქმედება.

„პნევმონია სადაც მძიმდება ან განვითარდება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მოდის ლაბორატორიაში ან ჩვენთან, ლუგარში, ბათუმში, ქუთაისში და ეს ყველაფერი იტესტება. ასე რომ, მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ჩვენ ყველას ვიკვლევთ, ვინც საჭიროა ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძემ ასევე კომენტარი გააკეთა კორონვირუსით ინფიცირებულების შესახებაც. პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად არის ხუთი პაციენტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და რომელთა მდგომარეობაც არის მძიმე.