პაატა იმნაძე - 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო
პაატა იმნაძე - 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო

ყველა ტესტს აქვს თავისი გამოყენების სტრატეგია და შემდეგ ტაქტიკა, რა ეტაპზე, რა ტაქტიკით უნდა ვისარგებლოთ, რა როდის დაიგეგმება, ეს ყველაფერი წინასწარ გამოცხადდება, თუ რა ჯგუფებზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დროულად ვიპოვოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ინფექციის გავრცელება. რა ჯგუფებს გამოვიკვლევთ, როდის გამოვიკვლევთ ეს ყველაფერი მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეცნობება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აღდგომის მოახლოებასთან ერთად რეგიონებში მოსახლეობის გადაადგილების გააქტიურებასთან დაკავშირებით ხომ არ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, პაატა იმნაძემ აღნიშნა: „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველა რეკომენდაცია იქნება გაცემული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად. თქვენ ხედავთ, რომ თბილისში დღეს რა სიტუაციაც არის, დაახლოებით იგივეა, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში გამოცხადდა იმ დროს, როდესაც გავრცელება იყო ძალიან ფართო, ამ დროს მიიღეს ეს ზომები. იცით, რომ ორ რაიონში ქვეყანაში არის უკვე საკარანტინო ზონები, ყველაფერი იქნება იმის და მიხედვით, რასაც მოითხოვს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, კითხვაზე, განსხვავებული ხომ არ არის რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაციები საყოველთაოა.

„ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის.

რეკომენდაციები ერთნაირად ეხება, გინდა ექიმი იყოს და გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო“, – განაცხდა პაატა იმნაძემ.