პაატა იმნაძე - მარნეულის შემთხვევაშიც შესაძლოა, ინფიცირების წყაროს მივაკვლიოთ, ამ გზით უკვე მივდივართ
პაატა იმნაძე - მარნეულის შემთხვევაშიც შესაძლოა, ინფიცირების წყაროს მივაკვლიოთ, ამ გზით უკვე მივდივართ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიასთან ისაუბრა, თუ როგორ ხდება ინფიცირებული კლასტერის დადგენა და რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ მოგზაურობის ისტორია.

იმნაძის განცხადებით, ტესტი უტარდება და იკვლევენ მათ, ვისაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ ან ექნებათ მოგზაურობის ისტორია.

ამასთან, იმნაძის თქმით, მარნეულის რეგიონის გარდა, ყველა შემთხვევაში ინფიცირების წყარო ცნობილია.

თუმცა, მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის, ინფიცირების უშუალო წყაროს მარნეულის შემთხვევაშიც მიაკვლიონ.

„საქართველოში გარდა ერთი რეგიონისა, და იქაც, ჩვენი კვლევით შესაძლოა გავიდეთ ინფიცირების წყაროზე, მარნეულის ცნობილ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, ამ გზით უკვე მივდივართ, დანარჩენ ყველა შემთხვევაზე, ცნობილია ინფექცირების წყარო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შემთხვევის განსაზღვრება არის ერთი – თუ გვაქვს ისტორია მოგზაურობის და დაავადების სიმპტომები, მეორე – როდესაც იკვლევენ და ასე იქნა აღმოჩენილი სწორედ მარნეულის შემთხვევა.

ექიმებისთვის გასაგებია ეს რასაც ნიშნავს და ექიმებმა უნდა შეგვატყობინონ ჩვენ, მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომის ყველა შემთხვევა, რომლებიც  საქართველოს ჰოსპიტლებშია, ჩვენ მათ, ყველას, ვიკვლევთ, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იციან ექიმებმა, ჩვენ  ტესტირებას ვუტარებთ, რადგან ეს არის ორი ვარიანტი. ან უნდა იყოს ეს სინდრომი განვითარებული ან უნდა იყოს მოგზაურობის ისტორია“,- განაცხადა იმნაძემ.